საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებ-საიტებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
"საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ “ტვიტერით” გაავრცელებულ განცხადებაში.
მასშტაბური კიბერშეტევა უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებ-საიტებზე 14 იანვარს განხორციელდა. საიტებზე გამოჩნდა მუქარის შემცველი წარწერები: „გეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდეთ.“
ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებ-საიტებზე. მუქარის შემცველი შეტყობინებები გაკეთებული იყო უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე. შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.
უკრაინაში ვარაუდობენ, რომ მომხდარ კიბერთავდასხმა ბელარუსის დაზვერვამ განახორციელა, რადგან ისეთივე პროგრამა (malware) იქნა გამოიყენებული, როგორსაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იყენებენ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე, სერგეი დემედიუკის თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა ჯგუფი, რომელიც ცნობილია სახელით UNC1151.
„ეს ყველაფერი კი სხვა, უფრო დესტრუქციული ქმედებების გადასაფარად მოხდა.
„საიტებზე თავდასხმა იყო მხოლოდ საფარველი უფრო დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებიც ხდებოდა კულისებს მიღმა და, რომლის შედეგებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ“, - აღნიშნა სერგეი დემედიუკმა.
მომხდართან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კომენტარი არ გაუვრცელებია არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
დაწერეთ კომენტარი