Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 იანვარს გასაჯაროვდება „თავისუფალი ლიტერას“  მოკლე სია


17 იანვარს ცნობილი გახდება "თავისუფალი ლიტერას" მოკლე სიის ნომინანტთა ვინაობა.

სიას ტელეკომპანია "ფორმულას" დილის ეთერში პენცენტრის წარმომადგენლები, პაატა შამუგია და გვანცა ჯობავა, გაასაჯაროებენ.

"თავისუფალი ლიტერა" პრემია "ლიტერას" მხარდამჭერი კონკურსია. "ლიტერა" გამოწვევის წინაშე დადგა, როდესაც კულტურის მინისტრმა პირადი ცენზორი მიავლინა ჟიურიში. ამ ფაქტმა ჟიურის წევრებისა და მწერლების პროტესტი გამოიწვია, ჟიურის წევრებმა დატოვეს პრემია, ხოლო მწერლებმა ჩახსნეს საკუთარი წიგნები“, - ნათქვამია საქართველოს პენ-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.

"ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა”. მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახლდათ კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ, როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა – „ლიტერა“, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემია. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, „კეზერაშვილის პრემია” დარჩება კეზერაშვილს", - განაცხადა 2021 წლის 3 დეკემბერს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

"ლიტერას" ჩაშლის შემდეგ, პენ ცენტრის ორგანიზებით, პრემიის გადასარჩენად სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა. კონტრიბუცია გაიღო ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ", ასევე ფორმულამ. ტელევიზიის მიერ ლიტერატურული პრემიისთვის გაღებული თანხის ოდენობაა 11 000 ლარი.

"ლიტერას" ჟიურის შემადგენლობის პროტესტის შემდეგ, მინისტრის ბრძანებით, მწერალთა სახლს ჩამოერთვა კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია, იაკობ გოგებაშვილის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, რომლის ადმინისტრირებაც "შემოქმედებით საქართველოს" გადაეცა.

XS
SM
MD
LG