ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 იანვარს თქვა, რომ აშშ განსაზღვრავს თავის სამომავლო ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებით, მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის ზრდასთან დაკავშირებით. სალივანის განცხადებების ფონია მიმდინარე კვირაში გამართული მოლაპარაკებები, რომლებმაც ვერ შეძლო დაეშოშმინებინა შიშები შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონი ორივე შემთხვევაში მზადყოფნაშია. "ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, უკრაინელების ჩათვლით... და ძალიან მჭიდროდ ვუწევთ კოორდინაციას სამომავლო ნაბიჯებს. ამ ნაბიჯებზე დიპლომატიის სფეროში უფრო მეტი გვექნება სათქმელი მომავალი კვირის დასაწყისში" - თქვა სალივანმა და დასძინა: "მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ორივე შემთხვევაში მზადყოფნაში ვართ. თუ რუსეთს სურს დიპლომატიის გზით გაგრძელება, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ეს გავაკეთოთ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად".
აშშ აცხადებს, რომ რუსეთმა 100,000-მდე სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან და მოსკოვს ბრალს სდებს "საბაბის" ძიებაში შესაძლო შეტევის განსახორციელებლად.
"თუ რუსეთს სურს შეჭრის და ესკალაციის გზით წავიდეს, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, ძლიერი პასუხით" - თქვა სალივანმა.
დაწერეთ კომენტარი