Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს


თელავში, წინასწარი დაკავების იზოლატორიში ბრალი წარუდგინეს 16 იანვარს ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 38 წლის მამაკაცს.

ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ირინა იჩუკაიძე იცავს. მისი განმართებით, დაკავებული საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციაზე, ჯერჯერობით არ საუბრობს.

"ბრალდება საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, რასაც თან მოჰყვა მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერჯერობით, პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის ტაქტიკა ჩამოყალიბდება, მას შემდეგ, რაც დაკავებულს პოზიცია ექნება"- განაცხადა იჩუკაიძემ.

ლაგოდეხში 38 წლამდე ასაკის მამაკაცი ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 16 იანვარს დააკავეს. 37 წლის ქალი გარდაცვლილი 15 იანვარს იმ ბინაში ნახეს, სადაც 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

თავდაპირველი ვერსიით ქალის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სახლში ბუნებრივი აირის დაგროვება, თუმცა გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე, ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულშიც არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ძმამ განუცხადა, რომ ყოფილ სიძესოჯახში უთანხმოება ჰქონდა. სწორედ ამიტომ მისი და, სამ შვილთან ერთად თითქმის ერთი წელი ცალკე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

"რადგან ნარკოტიკს მოიხმარდა, ადრე მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და როგორ ჩანს ახლაც იგივე მდგომარეობაში იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე ვერ მოკლავდა, რადგან ამის საფუძველი არ არსებობდაო" - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

მოკლული ქალი წლების განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG