Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტრო "ავლაბართან" ტრანსპორტის მოძრაობა 4 თვით იზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის გამო


20 იანვარს ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც მომდევნო 4 თვის განმავლობაში მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდული გადაადგილების ფარგლებში, მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით, „300 არაგველიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრისკენ“ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი გადაადგილდებიან თელავისა და წურწუმიას ქუჩების საშუალებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და შემდეგ ბარათაშვილის აღმართის საშუალებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები - N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებენ თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ავტობუსები ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

მიკროავტობუსები - N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას თელავის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბარს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება 1,7 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე. პროექტის მიხედვით, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა სპეციალური ზოლები და მოეწყობა ველობილიკი.

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია 2020 წელს იყო დაგეგმილი და ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ პროექტებს შორის, რომელიც პანდემიის გამო გადავადდა. 2 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის განახლება ქალაქის ბიუჯეტს 5,6 მილიონი ლარი დაუჯდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG