ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ თებერვალში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო მანევრები გაიმართება უკრაინის საზღვრის, და, ასევე, ნატოს აღმოსავლელი წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს.
17 იანვარს, ბელარუსის სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრისას, ლუკაშენკამ თქვა, რომ წვრთნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დანიშნული. მას არც ის დაუკონკრეტებია რამდენი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას მანევრებში. ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალიაქსანდრ ვოლფავიჩმა მოგვიანებით სააგენტო BelTA-ს უთხრა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა და აღჭურვილობამ უკვე დაიწყეს ჩასვლა ბელარუსში.
ამ განცხადებების ფონია ბოლო თვეებში დაძაბულობის ზრდა დასავლეთსა და მოსკოვს შორის, უკრაინის უსაფრთხოების საკითხის გარშემო. კიევი ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს კონფლიქტში, რომელსაც 13,200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილის შემდეგ. რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან, და კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მზადება პოტენციური შეჭრისთვის - რასაც მოსკოვი უარყოფს.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აგრძელებს თავისი მოკავშირის, ლუკაშენკას მხარდაჭერას დასავლეთთან შექმნილ უთანხმოებაში. დაძაბულობას იწვევს ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლითაც ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნეს პრეზიდენტობა და რომელსაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
დაწერეთ კომენტარი