Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT-ი: კიევიდან და ლვოვიდან რუსეთმა დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო


რუსეთის საელჩო კიევში
რუსეთის საელჩო კიევში

რუს დიპლომატებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ორ საკონსულოში მუშაობენ, უკრაინის ტერიტორიის დატოვება უბრძანეს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანამოსაუბრე ამტკიცებს, რომ 18-მა ადამიანმა, ძირითადად რუსი დიპლომატების ცოლებმა და ბავშვებმა, უკრაინა 5 იანვარს დატოვეს. კიდევ დაახლოებით 30 ადამიანი კიევში მდებარე რუსეთის საელჩოდან და ლვოვის საკონსულოდან მომდევნო დღეებში გაემგზავრა.

გამოცემის თანახმად ვაშინგტონი ევაკუაციის სამზადისის შესახებ ინფორმირებული იყო. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის ხელისუფლება დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისისთვის გეგმავდა უკრაინაში მდებარე რუსეთის საელჩოდან დიპლომატების ოჯახების წევრთა ევაკუაციიას“, - ნათქვამია ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

რუსეთის საელჩოს რიცხოვნობის შემცირება „ნაწილობრივ, შესაძლოა, იყოს პროპაგანდა, ნაწილობრივ მოახლოებული კონფლიქტისთვის მზადება, ნაწილობრივ კი სატყუარა, ან ერთბაშად სამივე სცენარი“, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ უკრაინელ და ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის თაობაზე.

ამ პუბლიკაციის კომენტირების დროს სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კიევში მდებარე რუსეთის საელჩო საშტატო რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.

გასულ წლის შემოდგომიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა სადაზვერვო ცნობები უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის თაობაზე. აშშ-ი და დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში სამხედრო შეჭრისთვის ემზადება. მოსკოვმა ეს მტკიცებულება უარყო და პასუხადა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები, რომლის თაობაზე იანვრის დასაწყისში გამართული მოლაპარაკებების სერია რუსეთისთვის წარუმატებლად დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG