კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციისას, რომელსაც ათობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, უწყებაში გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძეს, მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2022 წლის 15 იანვარს მიიღო.
"რეორგანიზაციის შედეგად გავთავისუფლდით 36 ადამიანი. მითხრეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ასე გადაწყდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შეერწყა სააგენტოს ადმინისტრაციულ სამსახურს და ჩემი სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი იქ დარჩა. არ ვიცი როგორ გადანაწილდება, ვინ რა ფუნქციებს შეითავსებს. მე 15-დან შემიწყდა უფლებამოსილება" - ამბობს ბექა ბარამიძე. ის გვიხსნის, რომ რეორგანიზაციის დაწყებისას სააგენტოს თანამშრომლებს დაეგზავნათ ახალი დებულება, რომელშიც გაწერილია უწყების სტრუქტურა.
სააგენტოს ახალი დებულების მიხედვით, მისი სამსახურების ჩამონათვალი ასეთია:
- ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური;
- არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური;
- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური;
- მონიტორინგის სამსახური;
- მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური;
- იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
- ადმინისტრაცია (სამსახური);
- შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური;
- ეკონომიკური სამსახური;
- საინფორმაციო სისტემების სამსახური;
- ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესი 25 ნოემბრიდან მიმდინარეობდა, საზოგადოებამ მისი დასრულების დღეს, სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გაიგო 15 იანვარს. ამავე დღეს დასრულდა რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმშიც.
რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოში 17 სამსახურის ნაცვლად დარჩა 11, დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა და სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი).
რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოდან გათავისუფლებულ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სამოქალაქო პოზიციების გამო დაითხოვეს ისინი სამსახურიდან მინისტრის ბრძანებით.
"რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას.
რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა" - ასეა აღწერილი სააგენტოს გვერდზე რეორგანიზაციის პროცესი.
2021 წლის მიწურულს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის კულტურის სამინისტრომ ახალი შენობა შეიძინა 7 739 250 ლარად. სამინისტროს თქმით, ეს ფული უწყებამ "მთელი სისტემის მასშტაბით წლის ბოლოს გამოვლენილი ეკონომიების ხარჯზე" დააგროვა.
დაწერეთ კომენტარი