Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალენა ბერბოკი: ძნელია, რუსეთის ქმედება არ იქნეს მიჩნეული მუქარად


გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გფრ-ს ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ პირველად ჩავიდა ვიზიტით მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო უკრაინის გარშემო ვითარება.

როგორც ბერბოკმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა პრესკონფერენციაზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის კონცენტრირება დიდ შეშფოთებას იწვევს. მისი სიტყვებით, ჯარები თავმოყრილია რაიმე ცხადი მიზეზის გამო და „ძნელია, ეს არ იქნეს მიჩნეული მუქარად“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მზად არის განაგრძოს რუსეთთან მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე.

ბერბოკმა არაერთხელ ახსენა „საერთო ევროპული სახლი“, რომლის ნაწილიც არის რუსეთი და აღნიშნა, რომ ევროპაში უნდა მოქმედებდეს საერთო წესები, კერძოდ - უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მან ამ წესების დარღვევის მაგალითად დაასახელა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმე და რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვის თაობაზე.

ლავროვის სიტყვებით, რუსეთი „ვერ მიიღებს რაიმე მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ჩვენს საკუთარ მიწაზე“. ლავროვმა ასევე მოუწოდა გერმანიას, გავლენა იქონიოს უკრაინაზე მინსკის შეთანხმებების შესრულების საქმეში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ჩავიდა „დოკუმენტების მსუქანი საქაღალდით“, ვინაიდან რუსეთსა და გერმანიას ბევრი აქვთ განსახილველი - საქმე ეხება როგორც ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს, ისევე სფეროებს, რომლებშიც ერთობლივად შეიძლება მუშაობა. კერძოდ, ნახსენები იყო კლიმატი.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შესახებ შეკითხვაზე პასუხად ბერბოკმა აღნიშნა, რომ თუკი ენერგეტიკა „იარაღად“ იქნება გამოყენებული, ეს შეიძლება პროექტის ბედზე აისახოს.

გუშინ ბერბოკი ესტუმრა კიევს, სადაც უკრაინას დახმარებას დაჰპირდა რუსეთის მხრიდან კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის პირობებში.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ 19 კიევში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამის შემდეგ ის ესტუმრება ბერლინს, სადაც შეხვედრას გამართავს ბერბოკთან.

XS
SM
MD
LG