პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ საკრებულოს წევრებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით და გაყალბდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიყვანა ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი მებრძოლი პარტიის განადგურების ყველანაირი მცდელობა დამარცხდა და ჩვენ წლებთან ერთად გავმრავლდით.
ყველა შევიწროების მიუხედავად, ჩვენ გვყავს 500-ზე მეტი წევრი. თქვენი უმეტესობა არის მართვის პოზიტიური გამოცდილების მქონე, გაიარა ძალიან ბევრი ბრძოლა. ამავე დროს შემოგვიერთდა ბევრი ახალგაზრდა ახლებური ხედვით და ენერგიით", - წერს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი ურჩევს საკრებულოების წევრებს, მაქსიმალურად იმუშაონ იმ სახელმწიფო მოხელეებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, რომლებიც პატიოსნად ასრულებს საკუთარ მოვალეობებს მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიებისა. „ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანი იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ჩვენი პოტენციური მოკავშირეა", - აღნიშნავს ის.
სააკაშვილი მიუთითებს საკუთარი პატიმრობის შესახებაც. „ამ წერილს მე გწერთ საპყრობილიდან, სადაც რეჟიმს ტყვედ ვყავარ აყვანილი. ნუ დაგაკომპლექსებთ ნურც ჩემი ტყვეობა და ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვიცოდი რაზე მივდიოდი, როცა აქ მოვდიოდი. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი მდგომარეობა, ჩვენი საერთო საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - ქართველი ხალხის სრულ გამარჯვებამდე. და იცოდეთ, ამ გამარჯვებაში თითოეული თქვენგანის როლი და ფუნქცია შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი", - აცხადებს ის.
ექსპრეზიდენტი წერს უახლოესი მიზნის შესახებ: „ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება. თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყველგან, ადგილზე უსამართლობის დაბლოკვა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს.
რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყოველდღიური მომზადება სჭირდება. როგორც პარტიის ცენტრალურ რგოლში მოხდა ცვლილებები, ასევე ადგილზე გადაჯგუფება, ახალი ხალხის მოზიდვა და ნიჰილიზმის დამაცრხება.
ჩვენ ვართ დიდ ბრძოლაში - საქართველოს გადარჩენისთვის და ამ ბრძოლის წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს!"
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.
დაწერეთ კომენტარი