Accessibility links

site logo site logo

კიევში გაიმართა მოლაპარაკებები ენტონი ბლინკენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის


ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ენტონი ბლინკენი. კიევი, 19 იანვარი.

კიევში გაიმართა მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს გაუგზავნა მკაფიო სიგნალი: თუკი ის მეზობელ ქვეყანაში შეჭრას გადაწყვეტს, მას ძალიან მკვეთრი პასუხი ელის არა მხოლოდ შეერთებული შტატებისგან, არამედ დასავლელი მოკავშირეებისგანაც.

ზელენსკისთან მოლაპარაკებებამდე ბლინკენი კიევში შეხვდა ამერიკელ დიპლომატებს. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა შეიძლება ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ მოსკოვი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაუჭერს მხარს. ეს რომ მოხდეს, საჭიროა კრემლის სურვილი, თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის მხრიდან კომპრომისების გამონახვის მორიგი მცდელობა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც პარასკევს გაიმართება ჟენევაში.

ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს კიევის აზრის გაუთვალისწინებლად. კიევში ბლინკენის დღევანდელი ვიზიტი აუცილებელია მხარეთა პოზიციების შესათანხმებლად, აცხადებს ვაშინგტონი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შესათავაზებლად მზადაა თურქეთი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წარმომადგენელმა განაცხადა. ერდოანმა ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი მიიწვია უთანხმოების მოსაგვარებლად.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად. რაიმე კონტაქტის ადგილი მეორეხარისხოვანია, მაგრამ თურქეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს მინსკის შეთანხმებები, აღნიშნა პესკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG