Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის დეპუტატები დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ცნობას მოითხოვენ


სახელმწიფო დუმაში ფრაქცია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კომუნისტური პარტიის ფრაქციის დეპუტატებმა, მათ შორის ფრაქციის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, პარლამენტში განსახილველად წარადგინეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვის პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას ეხება. დოკუმენტი გამოქვეყნებულია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებსაიტზე.

მიმართვის ტექსტში დეპუტატები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება მტრულად ეკიდება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მოსახლეობის „ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნორმებს, ყოფას, ასევე ნების გამოხატვასა და აღმსარებლობას.“ ავტორები გამოდიან წინადადებით, მიჩნეულ იქნეს, რომ ამ პოლიტიკის შედარება შეიძლება „საკუთარი ხალხის მიმართ გენოციდთან“.

„სახელმწიფო დუმის დეპუტატები დასაბუთებულად და მორალურად გამართლებულად მიიჩნევენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ცნობას,“ ნათქვამია მიმართვაში. განსახილველად წარდგენილი დოკუმენტი შეიცავს წინადადებას, თებერვალში ოფიციალურად იქნეს მიღებული ტექსტი და ის გამოქვეყნდეს „პარლამენტის გაზეთში“, რითაც მიმართვა ოფიციალურად შევა ძალაში.

პუტინისადმი მიმართვის ფონია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების უპრეცედენტო გამწვავება. მრავალი წყაროს თანახმად, რუსეთმა რეგიონში დიდძალ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებოდეს. კრემლი ამას კატეგორიულად უარყოფს.

ოთხშაბათს პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლს ჯერჯერობით არ შეუსწავლია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ინიციატივა. დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ შეუტანიათ სახელმწიფო დუმის პროგრამაში და ის განხილვის სტადიამდეც შეიძლება იქნეს უარყოფილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG