დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, რომელიც 18 იანვარს ცხინვალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება. მე-6 კლასელმა მოსწავლეებმა თანატოლებს სცემეს, ხოლო ცემის კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხინვალის მილიციამ კი ყველა ის პირი გამოავლინა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.
„ინციდენტი 18 იანვარს ცხინვალში მოხდა. ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასელებმა სასტიკად სცემეს თანატოლები და ეს ფაქტი ვიდეოზეც გადაიღეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ინსპექციის არასრულწლოვანთა განყოფილების თანამშრომლებმა ჩხუბის ყველა მონაწილე დაადგინეს.“ აღნიშნულია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო „რესის'' ცნობით, 6 მოსწავლის მშობლები მილიციაში დაიბარეს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე არასრულწლოვნებთან მიმდინარეობს „პროფილაქტიკური სამუშაოები".
დაწერეთ კომენტარი