უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, პანიკას ნუ მიეცემა რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის საფრთხის გამო. მისი სიტყვებით, მას გულწრფელად სწამს, რომ ის არ დაიწყება.
პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე „ერთი დღის წინ“ არ გაჩენილა. საფრთხე არ გაზრდილა, მაგრამ უკრაინის მიწაზე თავდასხმის მაგივრად მოსკოვი უკრაინელთა „ნერვებს ესხმის თავს“.
„ჩვენმა ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა გაიგონ ეს. ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურასა და ასანთის მოსამარაგებლად. რა გააკეთოთ? ერთადერთი რამ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი გონება, საკუთარი ძალების, საკუთარი არმიის, ჩვენი უკრაინის რწმენა,“ განაცხადა ზელენსკიმ.
დიპლომატიური და სადაზვერვო წყაროების მრავალრიცხოვანი მონაცემების თანახმად, რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს. კრემლი ომისთვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ განაგრძობს საზღვართან ჯარების თავმოყრას, რასაც ის საკუთარ კანონიერ უფლებას უწოდებს.
დაწერეთ კომენტარი