უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია რუსეთისთვის „კატასტროფა“ იქნება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ასეთ შემთხვევაში შეეჩეხება დასავლეთის სანქციებს, „რომლებიც აქამდე არ უნახავს“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.
ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი შესაძლო შედეგი დაასახელა. მისი თქმით, რუსეთის ბანკები ვეღარ შეძლებენ ოპერაციების წარმოებას დოლარებში.
ბაიდენმა აღიარა, რომ რუსეთი დიდ სამხედრო უპირატესობას ფლობს უკრაინასთან შედარებით და, სავარაუდოდ, ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. მაგრამ მისთვის ამას ექნება უსიამოვნო შედეგები - როგორც მყისიერი, ისე გრძელვადიანი.
ჯო ბაიდენის თქმით, მას არ სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის საპასუხო ზომები დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონკრეტულ მოქმედებებზე, მათ მასშტაბსა და შედეგებზე.
ბადენმა ისაუბრა რუსეთის მიერ ახლახან წამოყენებულ მოთხოვნებზე, რომ უკრაინას უარი ეთქვას ნატოში მიღებაზე. მან განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ალბათ ვერ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა რუსეთის გამო, არამედ იმიტომ, რომ, ბაიდენის თქმით, ის ამისთვის ჯერ არ არის მზად.
უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის თაობაზე, მას მერე, რაც უკრაინის საზღვართან გამაგრდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება და ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში.
პარასკევს ჟენევაში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
დაწერეთ კომენტარი