Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მსჯელობენ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციისა და უკანონოდ დაკავებულების საკითხზე


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს სამთავრობო ჯგუფი ისევ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქების გათავისუფლებას და საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის შეწყვეტას.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება წინა შეხვედრიდან გადმოყოლილი ყველა ინციდენტი, ასევე კირბალში მიმდინარე დესტრუქციული და ნეგატიური პროცესები.

„განსაკუთრებული აქციენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, რასაც გვერდს ვერ ავუვლით და მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც სამწუხაროდ აქტიურ ფაზაშია შესული. ვიმსჯელებთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა შემთხვევაზე. ასევე შევეხებით გასული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინცინდენტს, მათ შორის ბორდერიზაციის კუთხით საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით საოკუპაციო ძალები აქტიურად აწარმოებენ ე.წ უკანონო ბორდერიზაციას. რაც გამოიხატება სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაში.

„ეს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული პროცესი უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას და ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცხინვალის იზოლატორში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აქვთ წაყენებული.

19 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩნის შესახებ ადგილობრივებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. მათ თანახმად რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტების სახით ახალ ნიშნულებს აკეთებენ.

სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს სოფელ კირბალში ბორდერიზაციის ახალი ეტაპის დაწყებას.

XS
SM
MD
LG