საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გაუგზავნა. სიაში ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძეა დასახელებული.
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა. თენგიზ თევზაძე კი - სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელ დირექტორი.
ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტმა პარლამენტს ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები შესთავაზა.
საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა, თუ მას პირველ ან მეორე კენჭისყრაზე 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს. თუ ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, იგივე გადაწყვეტილების მისაღებად 90 დეპუტატის ხმაც საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ცესკოს თავმჯომარე 6 თვის ვადით აირჩევა, ამისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი.
დაწერეთ კომენტარი