Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება


უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 23 იანვარს, 16:00 საათზე დაგეგმილია აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან. წინასწარი ინფორმაციით, მოძრაობა „სირცხვილია“-სთან ერთად, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტივისტები, საჯარო პირები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

21 იანვარს, „სირცხვილია“-მ ღია წერილით მიმართავს საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს.

„მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს“, - ვკითხულობთ წერილში.

„სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ არ შეიმჩნევა „ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახები მხარდაჭერა“, რაც „განსაკუთრებით გულდასაწყვეტია“.

„სირცხვილია“ აქციაზე იწვევს უკრაინის საელჩოს თანამშრომლებსაც.

„თქვენი აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიოს მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, უკრაინის მხარდასაჭერად, 14:00 საათზე, აქცია იგეგმება ქუთაისშიც.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჰყავს 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა.

სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. მოსკოვი უარყოფს უკრაინასთან ომის დაწყების გეგმას. ჯერჯერობით უშედეგოა მრავალეტაპიანი დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

დასავლეთის ქვეყნები აფრთხილებენ რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გარდაუვალი "სერიოზული საფასურის" გადახდა. აშშ რუსეთს ჯერ არნახული სანქციებით ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG