სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევად კომისიებმა მუშაობა დაიწყო. მათი შექმნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, მისი ხელმძღვანელი და მოადგილეები კი თანამდებობებს ტოვებენ.
კანდიდატების შესარჩევი კომისიების თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იქნება. ამ კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე უნდა შეარჩიონ მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი კანდიდატურა. შემდეგ ამ კანდიდატურებიდან ორ-ორს პრემიერი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრები არიან:
- ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
- მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
- გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;
- გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.
დამატებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევაში, ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად, ჩაერთვება კარლო ნიკოლეიშვილი, "უფლებები საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარე.
კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.
კანონის მიღების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.
"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.
დაწერეთ კომენტარი