Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა მიტროპოლიტ ნიკოლოზის იდეას


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზის (ფაჩუაშვილის) იდეას. ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობის წინააღმდეგია.

„ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო „განაჩენებზე".

ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად", - წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მიმართავს „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს: „უნდა მიიღოს ორი რეალობა - ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე".

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ. მან "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში თქვა, რომ მზად არის, ამისთვის სივრცე გამოყოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საჭიროა სამართლიანობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც სხვა პატიმრები იხდიან - პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მას [სააკაშვილს] თუ სადმე გაუჭირდება ფსიქოლოგიურად ყოფნა, ეს არის მონასტერი – იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი დანაშაული", - დაამატა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG