Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 წელს გადაცილებული პირები "ბუსტერ" დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და "ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს. ინფორმაცია მედიას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

ეს წამახალისებელი მექანიზმი დღეიდან, 25 იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

მისივე თქმით, არ უქმდება 50 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაში უკვე არსებული წამახალისებელი მექანიზმი. თებერვლის ბოლომდე 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ.

საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვები არ დაუწესებია.

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. გასულ 24 საათში ჩატარებული 74 200 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 762 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 075 154 შემთხვევა. მათგან 972 745 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

XS
SM
MD
LG