Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ნავალნი და მისი მოკავშირეები "ტერორისტების" სიაში შეიყვანა


რუსეთმა პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და მისი რამდენიმე მოკავშირე შეიყვანა "ტერორისტების და ექსტრემისტების" თავის სიაში.

ნავალნის და მისი ხუთი მოკავშირის - ლიუბოვ სობოლის, ვიაჩესლავ გიმადის, გეორგი ალბუროვის, ლილია ჩანიშევას და რუსლან შავედინოვის - სახელები როსინფომონიტორის სიაში 25 იანვარს გამოჩნდა. ამით ეს ჯგუფი სტატუსით გაუტოლდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ გაერთიანებებს და უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მაგალითად თალიბანს და ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს".

რუსეთის კანონების თანახმად, სიაში შეყვანილი ინდივიდების საბანკო ანგარიშები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაყინული.

ათიოდე დღის წინ ნავალნის სხვა ორი მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი იქნენ შეყვანილი ამ სიაში.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შარშან ნავალნისთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა, რითიც ნავალნის და რუსეთის მასშტაბით მოქმედ მისი მომხრეების ქსელს წინაღობა შეუქმნა საჯარო სამსახურებში მუშაობისთვის.

გადაწყვეტილება ასევე ითვალისწინებს შესაძლო ხანგრძლივ პატიმრობას აქტივისტებისთვის, ვისაც ამ ორგანიზაციებთან აქვთ ნამუშევარი.

თავად ნავალნი 2021 წლის თებერვლიდან ციხეში იმყოფება - მას მერე, რაც ის რუსეთში გერმანიიდან დაბრუნებისას დააპატიმრეს. გერმანიაში ნავალნი მკურნალობდა მძიმე მოწამვლას "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტით, რაც, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით იყო განხორციელებული.

კრემლი უარყოფს რაიმე კავშირს ნავალნის მოწამვლასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG