Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი დიპლომატები ოსლოში თალიბანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ჰუმანიტარულ სფეროში


თალიბანის დელეგაცია ოსლოში, 2022 წლის იანვარი.
თალიბანის დელეგაცია ოსლოში, 2022 წლის იანვარი.

თალიბანის წარმომადგენლებმა 24 იანვარს ნორვეგიაში მოლაპარაკება გამართეს დასავლელ დიპლომატებთან, ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო ევროპაში მას შემდეგ, რაც აგვისტოში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა ომით განადგურებულ ამ ქვეყანაზე.

ოსლოში 15 წევრისგან შემდგარი დელეგაციის სამდღიანი ვიზიტის მეორე დღეს, მისმა მონაწილეებმა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს განხილვები აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ევროპის კავშირის და ნორვეგიის წარმომადგენლებთან მაშინ, როცა სერიოზული ეკონომიკური კრიზისის გამო, მილიონობით ავღანელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.

მოსალოდნელი იყო, რომ მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი დელეგაცია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ამირ ხან მუთაქის ხელმძღვანელობით, მოითხოვდა წვდომას მილიარდობით დოლარზე, რომელიც გაყინულია მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ დაიპყრო ძალაუფლება აშშ-ის ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების გამოყვანის შემდეგ.

ჯერ არცერთ ქვეყანას უღიარებია ავღანეთის ახალი მმართველები, რომელთაც უფლებადამცველები ადანაშაულებენ სერიოზულ დარღვევებში, განსაკუთრებით ქალთა განათლების, მუშაობის და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებებთან დაკავშირებით.

მუთაქი მიესალმა ოსლოს შეხვედრას, როგორც "მიღწევას თავისთავად", მაშინ, როცა ნორვეგიის მოწვევა გააკრიტიკეს ზოგიერთმა ექსპერტმა და ავღანელ ემიგრანტთა ჯგუფებმა, რომელთაც განაცხადეს, რომ თალიბანთან ნებისმიერი თანამშრომლობა მხოლოდ მისი რადიკალური ჯგუფის პოზიციის გამყარებას შეუწყობს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG