Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიცია გამოიძიებს "ლოკდაუნის" დროს დაუნინგ სტრიტზე გამართული სავარაუდო წვეულებების საქმეს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ლონდონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება კორონავირუსის გამო დაწესებული "ლოკდაუნის" დროს, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რეზიდენციასა და სამთავრობო დეპარტამენტებში გამართული წვეულებების შესახებ.

დედაქალაქის პოლიციის კომისარმა, კრესიდა დიკმა, 25 იანვარს განაცხადა, რომ სკოტლანდ-იარდი ახლა გამოიძიებს "რიგ მოვლენებს" მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯონსონმა დაარღვია თავის მიერ დაწესებული "ლოკდაუნის" რეგულაციები მოულოდნელ დაბადების დღის წვეულებაზე დასწრებით თავის რეზიდენციაში დაუნინგ სტრიტზე, 10 ნომერში, 2020 წლის ივნისში.

ეს ერთ-ერთია დაუნინგ სტრიტზე "ლოკდაუნის" სავარაუდო დარღვევათა გრძელი სიაში. მათ რიცხვს ეკუთვნის ასევე წვეულება სახელწოდებით, „სასმელი თვითონ მოიტანე“, რომელზეც, ჯონსონით თქმით, ის იმყოფებოდა, რადგან ეგონა, რომ ეს სამუშაო თავყრილობა იყო.

ბრალდებებმა წვეულებებში მონაწილეობის გამო ბევრი ბრიტანელი გააბრაზა, რომლებიც შინ იყვნენ გამომწყვდეული თვეების მანძილზე 2020-წლის შემდეგ, რათა ხელი შეეშალათ კოვიდ-19-ის გავრცელებისთვის, რამაც ჯონსონის პრემიერობის განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისი გამოიწვია და რასაც მისი გადადგომისკენ მოწოდებები მოჰყვა.

მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელე, სიუ გრეი, ასევე ატარებს გამოძიებას რიგ ბრალდებებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, მალე გამოაქვეყნებს თავისი გამოძიების შედეგებს. ბრიტანეთი, ინფიცირების 16 მილიონი და გარდაცვლილთა 154 000 შემთხვევით, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიით.

XS
SM
MD
LG