Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 იანვრიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით 300 ბავშვი დაინფიცირდა


ცხინვალი
ცხინვალი

ოსური მედიის ცნობით, 10 იანვრიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 300 ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი პედიატრის ჯულიეტა ბაგაევას ცნობით, ყველა მათგანს დაავადება იოლი ფორმით გადააქვს.

ექიმმა აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ბავშვები ყურადღების გარეშე არ რჩებიან - ისინი გადაჰყავთ პრევენციულ ქსელში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან აიცილონ პოსტკოვიდური გართულებები.

„ბავშვებს უფრო ადვილად გადააქვთ კორონავირუსი. მათ პრაქტიკულად არ აქვთ შემდგომი გართულებები პნევმონიის სახით. ყოველდღიურად ვატარებთ 30-40 ტესტს. გასულ კვირას 200-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, საიდანაც 48-მ აჩვენა დადებითი შედეგი. ეს არის დაახლოებით 24 პროცენტი“, - თქვა ბაგაევამ. მან დასძინა, რომ მხოლოდ გასულ კვირაში 700-მდე ბავშვმა მიმართა ექიმებს. ბაგაევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტებში არ არის ჰოსპიტალიზაციის და მძიმე ავადობის შემთხვევები. მისივე თქმით, პედიატრებს შორის პანიკა არ არის, თუმცა, შემთხვევების რაოდენობის გაზრდის გამო, ექიმები იძულებული გახდნენ კლინიკაში დამატებითი განყოფილება გაეხსნათ.

ექიმი განმარტავს, რომ ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებული შტამი ძალიან ჰგავს სეზონურ გრიპს. „ისინი (გრიპი და კორონავირუსი) იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ მშობლებისთვის ტესტის დადებითი შედეგი სიურპრიზია. ბავშვები ავადდებიან, ტემპერატურა 37-38 გრადუსია, ქავილი და ყელის ტკივილი. ზოგჯერ სიმპტომები სხეულის ინტოქსიკაციის მსგავსია - გულისრევა, ღებინება. თავის ტკივილი. ამ დროს უმჯობესია სასწრაფოდ მივმართოთ კლინიკას“, - განაცხადა მან.

ბაგაევამ განმარტა, რომ კორონავირუსის "დელტა" შტამი ჯერ არ გამქრალა, "ომიკრონის" შტამის გამოვლენა კი ადგილობრივ სახელმწიფო ლაბორატორიებში შეუძლებელია. მისი ტესტირება მხოლოდ კერძო, ფასიან ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხრა ადამიანი გადაიყვანეს დე ფაქტო რესპუბლიკის სამედიცინო ცენტრის ინფექციური განყოფილების „წითელ ზონაში“, განუცხადა სააგენტო „რეს"-ს სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზარინა ტუაევამ.

„კლინიკაში კორონავირუსით 36 ადამიანი მკურნალობს, ორი პაციენტი გაწერეს სტაციონარიდან წინა დღით, ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში. ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი ადამიანების რიცხვი დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა და 497 შეადგინა. ერთი დღით ადრე - 366 ადამიანი იყო“, - განაცხადა მან.

იანვრის დასაწყისიდან ადგილობრივ PCR-ლაბორატორიაში კოვიდით ინფიცირებული ათასზე მეტი მოქალაქე გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ოკუპირებულ რეგიონში 11276-ს მიაღწია, აქედან 10362 გამოჯანმრთელდა, 199 კი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG