პირველი მარტიდან თბილისის სამ უბანში, მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
"პრობლემა რა არის - ზოგიერთ ქუჩაზე, ზოგიერთ რაიონში ადგილობრივი მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემები, საკუთარ ავტომობილს ვერ აყენებენ საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისე არის გადაჭედილი", - თქვა კახა კალაძემ.
ამ სამ უბანში ჯამში 1838 ადგილი გამოიყოფა, საიდანაც 44 შშმ პირთა მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი, 4 კი - ელექტრომობილების დასამუხტად.
უბნების მიხედვით პარკირების ახალი სისტემა შემდეგნაირად ამოქმედდება:
- დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით;
- ჩუღურეთის რაიონში 13 ქუჩაზე გამოიყოფა, ჯამში, 497 საპარკინგე ადგილი;
- მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე ამოქმედდება, ჯამში, 1116 ადგილზე;
- საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში, 135 ადგილი.
ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილზე მანქანის გაჩერების ღირებულება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი იქნება, პირველი 15 წუთი კი - უფასო. პარკირების საფასურს არ გადაიხდის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც წინასწარ დარეგისტრირდება.
1 თებერვლიდან, ახალ ქუჩებზე პარკირების ახალი სისტემის ამოქმედებამდე, საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება მიმდებარე ქუჩებზე - მოქალაქეებს აქ შეეძლებათ საკუთარი მანქანები დაარეგისტრირონ.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა უკვე მუშაობს გლდანის, სამგორის, საბურთალოს, ვაკისა და ძველი თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე.