Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძემ გამგებელს "ვარკეთილის" მეტროს ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გადაყვანა დაავალა


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ "ვარკეთილთან" გარევაჭრობის გამო ფეხით გადაადგილების პრობლემაა და ამიტომ სამგორის რაიონის გამგებელს გარემოვაჭრეების გადაყვანის საკითხზე მუშაობა დაავალა. დავალება კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 26 იანვარს გასცა.

"ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, თემა ეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი", - თქვა თბილისის მერმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები.

"დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ", - თქვა მერმა.

კალაძემ გარემოვაჭრეების გადაყვანის გარდა, თბილისის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და გამწვანება დაავალა.

თბილისში გარევაჭრობის საკითხი წლების განმავლობაში დაურეგულირებელია. მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში ყიდის პროდუქტსა თუ ტანსაცმელს, ამბობს, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა - არ შეუძლიათ სავაჭრო სივრცეებში არსებული გადასახადის გადახდა.

XS
SM
MD
LG