Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: ტესტით დადასტურების გარეშე მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხზე ვმუშაობთ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ საქართველო მუშაობს მექანიზმზე, რომელიც მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, კოვიდის გადატანის შემდეგ, ტესტით დაუდასტურებელ შემთხვევაშიც კი, მწვანე სტატუსი ჰქონდეს. მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოში არსებობს.

"არის სხვადასხვა მექანიზმები, როგორ შეიძლება მოხვდნენ ესენი "მწვანე პასპორტების" ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიება შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი და აიღოს "მწვანე პასპორტი", - თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ანტისხეულების კვლევა, რომლითაც ვირუსის გადატანა დადასტურდება.

დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, იმისთვის, რომ მოქალაქეს კოვიდგადატანილის სტატუსი ჰქონდეს, აუცილებელია ოფიციალურად, ლაბორატორიამ დაუდასტუროს ინფიცირება. ჯანდაცვის მინისტრის 11 იანვრის ბრძანებით კი მსგავსი სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომელთა ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ან 112-ს.

საქართველოში არსებული წესებით, ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც დაინფიცირდება კორონავირუსით, მუდმივი "მწვანე პასპორტი" აქვს და შეუძლია შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში. მას ამ სტატუსის შესანარჩუნებლად არც ტესტირების და არც აცრის ვალდებულება არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG