იტალიის მთავრობა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს სთხოვდა, არ მიეღოთ მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 26 იანვრისთვის დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში.
როგორც Reuters-ი იტყობინება, ხელისუფლებამ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატას სთხოვა, გადაედო შეხვედრა, ან მასში მონაწილეობა არ მიეღოთ იმ მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებშიც სახელმწიფოსაც აქვს წილი. გაზეთ La Reppublica-ს ცნობით, ამის შემდეგ შეხვედრაზე უარი თქვეს ნავთობკომპანია Eni-ის გენერალურმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ და ინფრასტრუქტურული კომპანია Snam-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ალვერამ.
Bloomberg-ი იტყობინება, რომ ამ თხოვნის მიზეზი გახდა რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობა. ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ათანხმებენ იმ შემთხვევისთვის, თუკი დაიწყება რუსეთის ახალი ინტერვენცია უკრაინის ტერიტორიაზე.
კრემლში ოთხშაბათს განუცხადეს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებს, რომ შეხვედრის მონაწილეებისადმი იტალიის მთავრობის მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური რეკომენდაციები. ღონისძიება შედგა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ მიიღო მასში მონაწილეობა.
დაწერეთ კომენტარი