Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება" - ზურაბიშვილი პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ვიდეოზე


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მეტროში პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ცემის ამსახველ ვიდეოკადრებს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო, ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს.

„უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს", - ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

„ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის, შშმ მოზარდის ცემა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG