ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევათა სარეკორდო მაჩვენებლები აღინიშნა, განსაკუთრებით გადამდები შტამი „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების პირობებში.
ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, პოლონეთსა და რუმინეთში - ყველგან სარეკორდოდ მაღალია ერთ დღეში გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა, რის შესახებაც ინფორმაცია 26 იანვარს გამოქვეყნდა.
მათ შორის ყველაზე დიდ ქვეყანაში, გერმანიაში, აღინიშნა 164 ათასი ახალი შემთხვევა. პოლონეთში ეს რიცხვი 53420-ს აღწევს, ბევრად უფრო პატარა ჩეხეთის რესპუბლიკაში - 39614-ს. 34255 შემთხვევა დაფიქსირდა რუმინეთში, 20174 - უნგრეთში, 12399 - ბულგარეთში და 5138 - მოლდოვაში.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალდემარ კრასკამ მედიას უთხრა, რომ ინფიცირების შემთხვევათა 40% ახალ შტამ „ომიკრონზე“ მოდის.
რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც ყველაზე დაბალია აცრილთა პროცენტული მაჩვენებლები (შესაბამისად - 41.5% და 28,7%), ასევე სარეკორდოდ მაღალი იყო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა: 94 და 73.
მოლდოვაში უკანასკნელ დღე-ღამეში 24 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით.
ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech-მა განაცხადეს, რომ დაწყებულია „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა.
დაწერეთ კომენტარი