Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ მოზარდის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს ბრალდება წარუდგინეს არაადამიანური მოპყრობის მუხლით, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

პროკურატურის ვერსიით, „23 იანვარს მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება".

პროკურატურის თანახმად, პატრულ-ინსპექტორ ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორ კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურა სასამართლოს ასევე მიმართავს, ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

„ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG