სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კვლავ შეეყარა COVID-19. როგორც მისი აპარატი იტყობინება, ფაშინიანმა ტესტი გაიკეთა და ის დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად ის წესების დაცვით იმყოფება თვითიზოლაციაში. დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრი თავის მოვალეობებს დისტანციურად შეასრულებს.
ნიკოლ ფაშინიანსა და მთელს მის ოჯახს 2020 წლის ივნისშიც შეეყარათ კორონავირუსის ინფექცია. პრემიერ-მინისტრის დაავადებამ მაშინაც უსიმპტომოდ ჩაიარა.
24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის სრულად არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ და გამაძლიერებელი აცრაც გაკეთებული აქვს.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხულია ინფიცირების 1931 ახალი შემთხვევა.
დაწერეთ კომენტარი