Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიტანა ვაშინგტონის წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე


აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ სალივანი.
აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ სალივანი.

მოსკოვში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა ოთხშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიტანა ვაშინგტონის წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ მიიღო ვაშინგტონის პასუხი.

როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ოთხშაბათს რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში გაიმართა სალივანთან შეხვედრა, რომელმაც დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა.

გასულ კვირაში Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ აშშ-მა რუსეთს სთხოვა, სრული სახით არ გაასაჯაროოს მის მოთხოვნებზე პასუხი, რომელსაც მიიღებს ვაშინგტონისგან.

26 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟურნალისტების წინაშე გამოდის კომენტარებით. შეხვედრის თემა არ დაუსახელებიათ. შეხვედრა იმართება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების მკვეთრი გამწვავებისა და აშშ-ის მოკავშირეთა მზარდი შეშფოთების ფონზე.

დასავლეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში ინტერვენციას გეგმავს, თუმცა მოსკოვი მძაფრი რიტორიკით გამოდის და მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში გარანტიების მიღებას, მათ შორის პირობისა, რომ ნატო არასოდეს მიიღებს თავის რიგებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და, ამასთან, შეზღუდავს თავის ყოფნას აღმოსავლეთ ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG