Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელი კოზი გარესამყაროს არის მოწყვეტილი


კვირაზე მეტია გარესამყაროს არის მოწყვეტილი ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელი კოზი. ამის მიზეზი კი დიდთოვლობა და ზვავებია. ადგილობრივმა კომუნალურმა სამსახურებმა გზის გაწმენდა ჯერ ვერ შეძლეს. ამიტომ სოფლის მოსახლეობას ტრაქტორებით მიაწოდეს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები,- იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი.

საბინაო კომუნალური სამსახურის უფროსმა ალან ხუგაევმა საინფორმაციო სააგენტოს აცნობა, რომ მოსახლეობამ თვითონ შეადგინა საჭირო იმ ნივთების სია, რომლებიც აუცილებლად სჭირდება.

„ტრაქტორით გადავუტანეთ მედიკამენტები, საკვები, დიზელის საწვავი ელექტროგენერატორებისთვის”, - განაცხადა ხუგაევმა. მისი განმარტებით, ვიდრე ამინდი არ გაუმჯობესდება სოფელ კოზისკენ მიმავალი გზის გაწმენდა შეუძლებელი იქნება.

„კუდარგომის ხეობაში დიდი თოვლი მოვიდა, გუშინდელი დღიდან განუწყვეტლივ თოვს, თავად ქალაქში თოვლის საფარი დაახლოებით 40 სმ-ს აღწევდა, მთიან რაიონებში კი - 70 სმ-ს, კოზამდე გზის გაწმენდას ერთი კვირა მაინც სჭირდება, ამისთვის კარგი ამინდია საჭირო. გზა გრძელია - 18 კილომეტრი და მის გასაწმენდად ერთი კვირა დაგვჭირდება“, - აღნიშნა მან.

ახლა ახლომდებარე ქალაქ კვაისას საბინაო და კომუნალური სამსახურების მთელი ტექნიკა ჩართულია თოვლის გაწმენდაში, როგორც ქალაქის ქუჩებში, ასევე, ზოგიერთი სოფლის მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG