Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა „ნორმანდიის ფორმატის“ შეხვედრები დონბასში კონფლიქტის თაობაზე


ოთხშაბათს პარიზში ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა „ნორმანდიის ფორმატის“ პოლიტსაბჭოს წევრთა მორიგი შეხვედრა დონბასში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ამ ფორმატში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით წარმოებს. რუსეთს წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი კოზაკი, უკრაინას - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი.

როგორც ერმაკმა დაწერა მოლაპარაკებების წინ ტვიტერში, ის ფაქტი, რომ „ნორმანდიის ფორმატი“ განახლდა, შეიძლება ჩაითვალოს სამშვიდობო მოგვარებისთვის მზადყოფნის დამაჯერებელ სიგნალად.

დმიტრი კოზაკმა შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებზე თქვა, რომ ის „არ იყო იოლი, მაგრამ იყო გულახდილი“. მისი თქმით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარეების მიერ მინსკის შეთანხმებების განსხვავებული ინტერპრეტაციების მიუხედავად დონბასში ზავი დაცულ უნდა იქნეს.

მან ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე არ განხილულა „ნორმანდიის ფორმატის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის გამართვის საკითხი.

კოზაკმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის პარტია „ედინაია როსიის“ მიერ 26 იანვარს წამოყენებულ წინადადებაზე, რომ რუსეთმა იარაღი მიაწოდოს ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“.

ანრი ერმაკის თქმით, მას სურს იმედი ჰქონდეს, რომ მოხერხდა „ნორმანდიის ფორმატის“ გაცოცხლება და რომ ყველა მხარეს სურს ამ დიალოგის შედეგების ხილვა.

უკანასკნელ ხანებში კიევსა და დასავლეთში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG