დღეიდან, 27 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, სოხუმში ყველა სკოლა დაიხურა. ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიზეზად დაასახელა ეპიდსიტუაციის გაუარესება და კორონავირუსით ინფიცირებულ პედაგოგთა რაოდენობის გაზრდა. მანამდე, ერთი კვირით დაიხურა ქალაქ გაგრის სკოლები.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პედაგოგი და 150-ზე მეტი ბავშვი. გაბლიას თქმით, თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, უნდა აიცრან და მათ ვაქცინაციისთვის ორ კვირას მისცემენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მსურველებს ცრიან რუსული ვაქცინით „სპუტნიკი.“ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 26 იანვრის მდგომარეობით აცრილია 16 622 ადამიანი.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა 583 პირს, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 2 პაციენტი.
პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 41 458 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 590. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი