27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.
მსოფლიოს ქვეყნები პატივს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპაში დახოცილი მილიონობით ებრაელის ხსოვნას.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის და ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება:
“ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა”.