Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს


ქარიმ მასიმოვი

ყაზახეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქარიმ მასიმოვი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად ითვლება, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

უკანასკნელ წლებში მასიმოვს ეკავა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. მასთან ერთად დააპატიმრეს ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობის პერიოდში მისი მოადგილე ანუარ სადიკულოვი. სახელმწიფო ღალატის გარდა ისინი ეჭვმიტანილი არიან უფლებამოსილებების გადაჭარბებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.

სასამართლო განიხილავს მასიმოვის კიდევ ერთი მოადგილის, დაულეთ ერგოჟინის დაპატიმრების საკითხს. სამივეს დაკავების შესახებ 8 იანვარს გახდა ცნობილი, ქვეყანაში წამოწყებული მასობრივი მიტინგების მეექვსე დღეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ნურსულთან ნაზარბაევთან დაკავშირებული ადამიანები თანამდებობებს კარგავენ. წლის დასაწყისში თანამდებობა დატოვა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის სამმა სიძემ. საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ასევე გაათავისუფლეს მისი ძმისშვილი, გენერალ-ლეიტენანტი სამატ აბიში, რომელიც ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა აგრეთვე მოხსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნაზარბაევის ნათესავი ბერიკ იმაშევი.

მრავალი უფლებამოსილება ჩამოერთვა ასევე თავად ნაზარბაევს. 27 იანვარს ყაზახეთის სენატმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რის ძალითაც, ნაზარბაევს გაუუქმდა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარისა და ყაზახი ხალხის ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც მას სამუდამო ვადით ეკავა. ცვლილებები ტოყაევმა უნდა დაამტკიცოს, სანამ ისინი ძალაში შევა.

სენატი ასევე გამოვიდა წინადადებით, გაუქმდეს სახელმწიფო ინიციატივებისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შეთანხმება ყოფილ პრეზიდენტთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG