Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს


ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს, გიორგი ბიგვავას, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დაცვის მხარე პოლიციელის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებობს ბრალდებული სამართალდამცველის დადებითი დახასიათებები სხვადასხვა პირის მხრიდან და ასევე დაზარალებული ქალის განცხადება, რომლითაც სასამართლოს მიმართა, დაკავებულის მიმართ არ გამოიყენოს პატიმრობის ღონისძიება.

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ. თავად დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ამსახველი კადრები პარტია „დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეოს გადამღებმა მასალა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მეორე დღეს, 26 იანვარს კი პროკურატურამ დააკავა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება მეგობარ ქალზე ძალადობა.

„25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა", - აცხადებენ პროკურატურაში. დაკავებულ პოლიციელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წაუყენეს. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG