Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ დოლგოვი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება დაგვიანებულიც კია


იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი პირადი მოსაზრებით, საქართველო და უკრაინა უკვე უნდა იყვნენ ნატოს წევრები. ელჩის შეფასებით, სხვა შემთხვევაში რთულია შეაჩერო ან შეაკავო აგრესორი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია. კითხვაზე, რამდენად რეალისტურია უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა დასავლეთისადმი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაჩქარების შესახებ, იგორ დოლგოვმა შემდეგნაირად უპასუხა:

"ნატოში გაწევრიანება უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. ნატოში გაწევრიანებაზე წერია უკრაინის კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზელენსკი გამუდმებით მოითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ან მისთვის MAP-ის მინიჭებას. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკაა. შესაძლებელია თუ არა? იცით, ვთვლი, რომ უკვე დაგვიანებულიც კია. ვთვლით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინა, როგორც სახელმწიფო მზად არის იყოს ნატოს შემადგენელი ნაწილი. საჭიროა ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო მაშინვე, როგორც კი რუსეთმა მოითხოვა 1997 წლის მდგომარეობასთან დაბრუნება:

"რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა, რის წინაშეც ნატო აღმოჩნდა, ცივი შხაპივითაა, რადგან შეუძლებელია რუსეთის ფედერაციასთან რაიმეზე მოლაპარაკება, რადგან მათი პოზიცია არის აბსოლუტურად ქედმაღლური და უსაფუძვლო. როგორი უნდა იყოს პასუხი და რატომ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კია: მაშინვე, როგორც კი რუსეთმა მოითხოვა 1997 წლის მდგომარეობასთან დაბრუნება, ამას უნდა მოჰყოლოდა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე გადაწყვეტილება, რადგან, უკაცრავად ცოტა რთულ საკითხს შევუდექი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ - ევროპაში, ნატოში, აშშ-ში, უკრაინაში ვაგრძელებთ ფიქრს, მოქმედებას და ჩვენი სტრატეგიის შექმნას ჩვეულებრივად, კონვენციურად. მოსკოვი კი მოქმედებს რასაც ჰქვია ჰიბრიდული ხედვით, ჰიბრიდული პოლიტიკით და ჰიბრიდული ომით. ასე რომ, ვერ ითამაშებ ამ თამაშს, როცა ასე განსხვავებული წესები გაქვს - კონვენციური ჩვენი მხრიდან და რაღაც წარმოუდგენელი, რომელიც მხოლოდ რუსეთისთვის არის შესაფერი. სად არის გადაკვეთის წერტილი? ის არ არსებობს. ამის მიზეზია განსხვავებული აზროვნება. ამიტომაც, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ ნატოში - საქართველო და უკრაინა“, - უთხრა იგორ დოლგოვმა რადიო თავისუფლებას.

სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG