Accessibility links

site logo site logo

„პუტინი გადაწყვეტს“ - უკრაინის დიპლომატიური ფრონტი და დასავლეთის პასუხი მოსკოვს


რუსული ტანკები (T-72B3 ) როსტოვში, სამხედრო სწავლებაზე. 12 იანვარი, 2022 წელი.

დაიწყება თუ არა ომი უკრაინაში - ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ვლადიმირ პუტინი და რას დაუპირისპირებს კრემლი აშშ-ისა და ნატოს მიერ ნათქვამ უარს მისთვის პრინციპულ საკითხებზე. 27 იანვარს მოსკოვში უკმაყოფილებას არ მალავდნენ.

ანალიტიკოსების აზრით, პუტინის რუსეთი პრაქტიკულად "ორ ცეცხლს შუა" აღმოჩნდა, მწირი არჩევნით - მისთვის ახლა წაგებიანია როგორც უკრაინაზე თავდასხმა და ომის გაჩაღება, ასევე უკან დახევა და დასავლეთთან მოლაპარაკებების დიპლომატიურ ჩარჩოებში დარჩენა.

აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრები აფრთხილებენ რუსეთს, რომ, თუკი ის დიპლომატიურ ფრონტს გასცდება და უკრაინასთან ომს დაიწყებს, ერთობლივ და ძლიერ პასუხს მიიღებს - როგორც ეკონომიკურ, ასევე სამხედრო ფრონტზე.

საქართველოს პარლამენტში კი კვლავ გრძელდება კამათი - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით და ვერ ხერხდება მრავალპარტიული დოკუმენტის მიღება. „ქართული ოცნება“ არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას და ტექსტის საკუთარ პროექტს, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის მოხსენიებული, პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილს უწოდებს.

პუტინის გადაწყვეტილების მოლოდინში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 27 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვმა ვერ მიიღო აშშ-ისა და ნატოს თანხმობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე.

„მთავარ საკითხთან დაკავშირებით ამ დოკუმენტში არ არის პოზიტიური რეაქცია. მთავარ საკითხს წარმოადგენს ჩვენი მკაფიო პოზიცია - აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობაზე და შეტევითი იარაღის განთავსებაზე, რაც შესაძლოა ემუქრებოდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს“, - ლავროვის ამ სიტყვებს რუსეთის მედია აქვეყნებს.

ის ამბობს, რომ მოსკოვის შემდგომ რეაქციებსა და სამოქმედო გეგმას პირადად ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს და სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული უკრაინაზე რუსეთის მორიგი სამხედრო თავდასხმის პერსპექტივაც.

„პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე“, - თქვა ლავროვმა.

რუსეთი ყოველ ჯერზე უარყოფდა, რომ უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა; თუმცა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან დაყენებული 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, მძიმე ტექნიკა და სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცია, დასავლეთის ქვეყნებისთვის სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

შესაბამისად, აშშ და ნატოს სხვა წევრები უკრაინას იარაღითაც აქტიურად ეხმარებიან.

წერილობითი უარი

26 იანვარს, აშშ-მა და ნატომ, მოთხოვნისამებრ, ვლადიმირ პუტინს, ცალ-ცალკე, წერილობით აუხსნეს ის, რაც მანამდე ზეპირადაც არაერთხელ უთქვამთ, რომ - არ იქნება დათმობა ნატოს გაფართოების შეჩერებასა და ალიანსის დაბრუნებაზე 1997 წლისთვის არსებულ „საწყის პოზიციებზე“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუკი რუსეთი უარს იტყვის დიპლომატიურ გზებზე, აშშ და ნატოს სხვა წევრები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებასა და მზადებას „სწრაფი, ერთიანი პასუხისთვის რუსეთის აგრესიაზე“.

„საუკეთესო გამოსავალზე, დეესკალაციაზე მუშაობის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესისთვის“, - თქვა, თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

წაგებიანი სვლები

ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე შექმნილ ვითარებაში, მოსკოვისთვის მოგებიან სვლას ვერ ხედავს საეთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე.

„რუსეთის ფედერაციამ მიიღო კონტრშედეგი: მოსკოვი მოითხოვდა, რომ აღმოსავლეთით ნატოს სამხედრო ყოფნა შემცირებულიყო, მაგრამ საპირისპირო მოხდა - ნატო გაძლიერდა აღმოსავლეთით. რუსეთს უნდოდა ნატოს უკან დახევა, მაგრამ, ვხედავთ, რომ ნატომ პასუხად დამატებითი ძალების გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო [აღმოსავლეთ ევროპაში] - თვითმფრინავების გაგზავნა, ფლოტის გაძლიერება...

დამატებით გამოცხადდა, რომ აშშ მზად არის 8500 სამხედროს გასაგზავნად [ნატოს სწრაფი რეაგირების შენაერთების დასახმარებლად]... ეს ლოგიკური იყო - რაც მეტი საფრთხე შეიქმნება რუსეთის მხრიდან, მით გაიზრდება, ასე ვთქვათ - ამომგდები ძალა“.

გობრონიძე თვლის, რომ ახლა რუსეთი, პრაქტიკულად „ორ ცეცხლს შუა“ აღმოჩნდა, რადგან მისთვის ორივე არჩევანი წაგებიანია:

„თუკი რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, გამოვიდა, რომ მან დრო დაკარგა და უკრაინას მისცა დრო თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად [დასავლეთის ქვეყნების დახმარებით]... ხოლო თავად რუსეთისთვის საქმე გართულდა. თუ ამ სიტუაციაში უკან დაიხევს, ეს სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის პრესტიჟზე“.

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ (EECMD) აღმასრულებელი დირექტორისთვის, პოლიტოლოგ ლევან ცუცქირიძისთვის „პოზიტიური მოსასმენი იყო“ აშშ-ისა და ნატოს მხრიდან 26 იანვარს გაკეთებული განცხადებები.

პოლიტოლოგი გვეუბნება, რომ "საბოლოოდ მოიხსნა [საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ დასმული] შეკითხვები უკრაინის საკითხზე ნატოს ქვეყნების ერთიანობასთან დაკავშირებით".

როცა საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის აგრესიას უპირისპირდება ერთიანი ფრონტით და ვისაც რით შეუძლია, უკრაინას ეხმარება, საქართველოში არ ცხრება რეალური თუ ვირტუალური დისკუსიები, ადეკვატურია თუ არა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი, ამ მძიმე სიტუაციაში?

ამ თემაზე სოციალურ ქსელებში გამართულ ცხარე დებატებში, თუ მათ ემოციებისგან დავცლით, იკვეთება ძირითადად ორი მიდგომა:

  • რუსეთთან ზედმიწევნით ფრთხილად უნდა მოიქცეს საქართველო, რათა "თვალში არ გაეჩხიროს" და მისი აგრესია არ გამოიწვიოს;
  • პასიური პოზიციით, საქართველო მარტო დარჩება და უფრო გაუჭირდება რუსეთთან გამკლავება.

"თუკი ვინმეს ჰგონია, რომ გავჩუმდებით, თავს ჩავქინდრავთ და რუსეთი თავში აღარ ჩაგვარტყამს, ეგ ასე არ იქნება. საერთაშორისო პოლიტიკა ჯუნგლია და როცა მტაცებელი ამ ჯუნგლში ეძებს მსხვერპლს, ის ძლიერ მსხვერპლზე არ მიდის... მტაცებელი ირჩევს ზუსტად იმას, ვინც სუსტია და თავჩაქინდრული, ჩუმად დგას იმის შიშით - იქნებ, შევეცოდო და არ შემჭამოსო. მაგრამ ასე არ ხდება არც იქ და არც საერთაშორისო პოლიტიკაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ცუცქირიძე.

"ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული", - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "პალიტრანიუსს".

სადავო რეზოლუცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ 26 იანვარს, ფრაქციების დონეზე გამართული ორი შეხვედრის დროს „ქართული ოცნებისგან“ ვერ მოისმინა ადეკვატური განმარტებები, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო რუსეთი მოხსენიებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში.

„ბევრი სხვისგან განსხვავებით, მე ვარ უსაფრთხოების სპეციალისტი და ძალიან კარგად მესმის ის მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უსაფრთხოებას ეხება. რომ ყოფილიყო [„ოცნების“ მხრიდან] რაციონალური ახსნა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებდი. მაგრამ გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ უნდა ვთქვათ, რომ სწორედ რუსეთია აგრესიის გამომწვევი უკრაინაში.

რუსეთის არმოხსენიება ჩვენი ქვეყნის მხრიდან სისუსტის გამოვლინებად მიმაჩნია, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ცდილობს დაგვაბრუნოს ცივი ომის ეპოქაში, როდესაც საქართველო მისი იყო. ამიტომ იყო საჭირო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება... როცა არ ამბობ, ვისგან მოდის სამხედრო აგრესიის საფრთხე, აზრსმოკლებულია რეზოლუციის ტექსტიც“, - ეუბნება აქუბარდია რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციაში ვერც სხვებმა გაიგეს, ვისგან მომდინარე აგრესიას გმობს საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით.

მაგალითად, „ლელოს“ წარმომადგენელი დეპუტატი, დავით უსუფაშვილი ტექსტში იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებასაც ხედავს, რომ თითქოს საქართველო უკრაინაში დასავლეთის მხრიდან ომის გაჩაღებას გმობს.

რატომ არ არის რუსეთი ნახსენები და რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“ ტექსტის მომზადებისას?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 27 იანვარს ჟურნალისტებთან განმარტავდნენ, რომ რეზოლუციაში სრულად არის ასახული უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა და ოპოზიციის მოთხოვნები არ შეესაბამება ქვეყნის „მშვიდობიანად მართვის“ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აქვთ.

„დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” და ვერც მათი ძმანისა და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები“, - თქვა, მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, 26 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ მმართველი პარტიისთვის მთავარია „ომის არდაშვება“, ხოლო „სიტყვებზე გამოკიდება არის ცალსახა სპეკულაცია“.

„მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა, არის არასწორი მაშინ, როცა რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი.

საქმე ეხება ესკალაციის საფრთხეს, რომელიც არსებობს... საქმე ეხება ამ რეზოლუციაში იმას, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა - თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, მათ შორის - ნატოში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რეზოლუციის ტექსტის გაუმჯობესებას შეეცდებიან მომავალ კვირაში, საკომიტეტო დისკუსიების ფარგლებში.

ოპონენტების ვიწრო პარტიულ ინტერესებში დადანაშაულების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 იანვარს თქვა, რომ მნიშვნელოვანია კონსენსუსის მიღწევა და "იქნებ კიდევ იყოს შესაძლებელი, რომ დოკუმენტის ტექსტის გარშემო თანხმობის მიღწევა მოხდეს".

უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი - „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით არის ინიცირებული.

27 იანვარს, პარტიამ „დროა“ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივი განცხადების ხელმოწერა შესთავაზა.

„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - წერია განცხადებაში, რომლის ხელმოწერაზეც თანხმობა უკვე განაცხადა რამდენიმე პარტიამ.

ტექსტში ერთგან ნათქვამია, რომ „რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG