Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UniCredit-ი რუსულ ბანკს არ იყიდის უკრაინის გარშემო კრიზისის გამო


იტალიურმა ბანკმა, UniCredit-მა, უარი თქვა რუსული ბანკის, "ოტკრიტიეს" ყიდვაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ზრდის გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეა ორსელმა.

ოპერაციის შემდეგ, გაერთიანებულ ბანკს უფრო ძლიერი პოზიციის დაკავება შეეძლო ბაზარზე, მაგრამ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის ესკალაცია, შესაძლოა, ასახულიყო ბანკის ეკონომიკურ პროგნოზებზე, - აღნიშნა ორსელმა.

გეოპოლიტიკური რისკი UniCredit -მა ბანკის მუშაობის ანგარიშებშიც ახსენა გასული წლის მეოთხე კვარტალში. ბანკის შეფასებით, მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ვითარება ენერგორესურსების ბაზარზე და დაძაბულობა ფინანსურ სექტორში.

იანვრის დასაწყისში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებოდნენ, რომ UniCredit-ი განიხილავს "ოტკრიტიეს" ყიდვას მოგების გაზრდის მიზნით. ანალიტიკოსებმა გააფრთხილეს ინვესტორებისთვის გეოპოლიტიკური რისკისა და აშშ-ის მხრიდან სანქციების საფრთხის შესახებ.

მოგვიანებით, "ევროპის ცენტრალურმა ბანკმა" გააფრთხილა რუსეთში მომუშავე ბანკები პოტენციური სანქციების შესახებ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

გასული წლის შემოდგომიდან დასავლეთი იტყობინება რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის შესახებ უკრაინის საზღვრებთან. დასავლეთის ქვეყნები საუბრობენ რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაში შეჭრის რეალური საფრთხის შესახებ.

მოსკოვი შეჭრის შესახებ გეგმებს უარყოფს. დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ ეს მოხდება, რუსეთს "უპრეცედენტო" სანქციებს დაუწესებენ.

რუსეთმა გასული წლის დეკემბერში ამ ფონზე წამოაყენა რიგი მოთხოვნები აშშ-სა დ ნატოს მიმართ - სახელდობრ, უარი თქვან ნატოს გაფართოებაზე აღმოსავლეთისკენ და ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების და აშშ-ის ბირთვული იარაღის განლაგებაზე.

იანვარში გამართული მოლაპარაკება აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის წარუმატებელი აღმოჩნდა. მხარეები შეთანხმდნენ განხილვის გაგრძელების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG