Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური​


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს აქციის გამო ოფიციალური თბილისისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილ ნოტას გამოეხმაურა პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია. ის რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გამართულ აქციას ეფექტურს უწოდებს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთისგან მთელ მსოფლიოში გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, საქართველოში, უკრაინაში, მიმდინარეობს ომი ე.წ მორალური უპირატესობისთვის.

ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, მტკიცე პოზიცია, რაც ამავდროულად პრაგმატული პოზიციაა და ეფექტურები უნდა ვიყოთ.

ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური. ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე ჩვენ შევძელით ამის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, მათ შორის უკრაინულ და საერთაშორისო სოციალურ მედიაში. ის, რომ ეს მთავრობა ქართველების კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, ძალიან ეტკინათ ისე, როგორც ეფექტური ფორმა ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ აქციას“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „პარტია „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა სწორედ, ამ აქციას. სამინისტრო ამის გამო შეშფოთებულია. როგორც ზაიცევმა განაცხადა, ამ საკითხზე მათ ნოტა გადასცეს საქართველოს საგარეო უწყებას.

ოფიციალური თბილისისთვის რუსეთიდან გამოგზავნილი ნოტის საკითხზე რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მის პოზიციას მიღებისთანავე გაცნობებთ.

26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია - „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“.

აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და NATO-სგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით NATO-ს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და NATO-ს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG