აშშ-ს სურს, გაეროს უშიშროების საბჭოს საჯარო სხდომა გაიმართოს 31 იანვარს, რათა განიხილონ რუსეთის სამხედრო ძალების საფრთხის შემცველი მომრავლება უკრაინის საზღვრებთან და ბელარუსში, როგორც "გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის".
"100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა განთავსებული უკრაინის საზღვართან და რუსეთი ჩართულია დესტაბილიზაციის სხვა ქმედებებშიც, რომლებიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ და აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას, ასევე გაეროს ქარტიას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა 27 იანვრის განცხადებაში.
რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება უკრაინასთან და ბელარუსში, ვითომ წვრთნების მიზნით, მზარდ შეშფოთებას იწვევს შესაძლო თავდასხმის შესახებ, მიუხედავად დიპლომატიის რამდენიმე რაუნდისა დასავლეთსა და მოსკოვს შორის ევროპის დედაქალაქებში ამ თვეში.
შეერთებულმა შტატებმა და ნატომ 26 იანვარს განაცხადეს, რომ ისინი დათმობებზე არ წავლენ რუსეთის ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახლა მთავარი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რა რეაგირება ექნება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, აშშ-ის წინადადებაზე - გამოინახოს "სერიოზული დიპლომატიური გზა".
"უშიშროების საბჭოს წევრებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ, რა საფრთხეები არსებობს უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ევროპისთვის, და ასევე, საერთაშორისო წესრიგის ძირეული ვალდებულებებისა და პრინციპებისთვის უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევაში", - განაცხადა თომას-გრინფილდმა.
დაწერეთ კომენტარი