Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის უფასო სასადილოებში კვების ხარჯი იზრდება, მენიუ იგივე რჩება


გიგა შუშანია

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარების კვებისთვის დღიურად 2,25 ლარის გამოყოფას აპროტესტებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გიგა შუშანია. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქუთაისის მერის გაზრდილი ხელფასის ფონზე „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარების ულუფა შემცირებული და არასრულფასოვანია.

შუშანიას თქმით, იმ ფონზე, როცა ქალაქის მერს ხელფასი 5 500 აქვს, ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეების კვებისთვის მინიმალური თანხა, თვეში 67,5 ლარი იხარჯება.

„იოსებ ხახალეიშვილი მთელ ქუთაისს ეწუწუნება, რომ 5 500 ლარი საკმარისი არ არის, ეს მაშინ, როცა უფასო სასადილოს 800 ყველაზე გაჭირვებული ადამიანის გამოკვებაზე დღეში მხოლოდ 2,25 თეთრი იხარჯება. ხშირად ვერც კი ხდება მათი გამოკვება ადგილზე და სახლში მიაქვთ ცივი საჭმელი. მათ უმეტესობას გათბობაც კი არ აქვს სახლში. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა მერი 200 000 ლარის დახარჯვას აპირებს ჭამა-სმაში, ხოლო 400 000 ლარი განსაზღვრული აქვს საკუთარი ოფისის გასარემონტებლად და კომფორტის მოსაწყობად”, - ამბობს გიგა შუშანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბენეფიციარებისთვის მენიუს გაზრდას და კომფორტული გარემოს შექმნას ითხოვს.

შუშანიას საპასუხოდ, „მადლიერების სახლის”ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვარლამ ფხაკაძე განმარტავს, რომ „მადლიერების სახლში“ ბენეფიციართა ადგილზე მომსახურების წესი კორონავირუსის გამო შეიცვალა და მოქალაქეებმა მზა კერძები სახლში უნდა წაიღონ. ვარლამ ფხაკაძის მტკიცებით, ბენეფიციარების საკვების კალორაჟი დადგენილ სტანდარტს შეესაბამება:

„კალორაჟი სრულყოფილია, მენიუში არის საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, სუპები, ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ჯანსაღად იკვებოს“, - ამბობს ვარლამ ფხაკაძე.

2,25 ლარი ერთი ბენეფიციარის კვებაზე გაზრდილი თანხაა გასულ წელთან შედარებით, როცა ერთ ადამიანზე დღიურად 1,80 ლარი იყო გათვლილი. გაზრდილი თანხა არ ცვლის სოციალურად დაუცველების კვების მენიუს - სურსათზე ფასების მატების გამო „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები იმავე საკვებს მიიღებენ წელსაც, რასაც გასულ წელს იღებდნენ.

2021 წელს ბენეფიციარების კვებაზე „მადლიერების სახლი“ 520 ათას ლარს ხარჯავდა, ადმინისტრაციულ ხარჯებსა და თანამშრომლების ხელფასებზე კი - 240 ათასს. 2022 წელს კვების თანხა 600 ათას ლარამდე იზრდება, ადმინისტაციის ხელფასები და სხვა ხარჯები იგივე რჩება. ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლი“ ქალაქის ბიუჯეტიდან 2022 წელს ჯამში 940 000 ლარით ფინანსდება.

უფასო სასადილოს მენიუს მიხედვით, ბენეფიციარებზე კვირის განმავლობაში მონაცვლეობით გაიცემა კერძები, მათ შორის, კატლეტი, თევზი, ბარდის წვნიანი, კისელი, ქათმის ბულიონი, წიწიბურა, აჯაფსანდალი, კვერცხი, კომპოტი, ხარჩო, ბრინჯის ფაფა, მაკარონის წვნიანი და პური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG