Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა „ევოლუშენ ჯორჯიაში“ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა


სახალხო დამცველმა შრომის ინპექციის სამსახურის მიმართვის შემდეგ შეისწავლა "ევოლუშენ ჯორჯიაში" შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა დასაქმებულის შევიწროების ფაქტს.

ომბუდსმენის დასკვნით, კომპანიაში ერთ-ერთი დასაქმებულის მიმართ, რომელიც "ევოლუშენ ჯორჯიაში" ორი წელია მუშაობს, ადგილი ჰქონდა კოლეგისგან არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა განმცხადებელს. საუბარია კოლეგის მიერ ტელეფონის ნომრის გამორთმევაზე, სექსულური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნასა და სხვა თანამშრომლებთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელ შეფასებაზე, რამაც განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა.

სახალხო დამცველი სარეკომენდაციო წერილში, სადაც "ევოლუშენ ჯორჯიას" მოუწოდებს, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები და გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, დეტალურად აღწერს შევიწროების ფაქტს.

"განმცხადებლის მითითებით, 2021 წლის 12 თებერვალს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც „ფეისბუქზე“ დადო „სთორი“, რომელზეც გ. კ.-მა არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა.

„პირი დაკუმე ბუზი არ შეგიფრინდეს. ისედაც ლამაზი და მიმზიდველი ხარ არ გინდა ხელოვნურად პირის გაღებები და მკერდის გამოჩენები, რაც დაფარულია ის ყოველთვის უფრო ლამაზი და მიმზიდველია. ასე ძაან გეჩქარება გათხოვება? ის რომ ჭამო რაღაც კვერიები? გზაჯვარედინზეაო ლედიმ რო გაჩითა ნანუკას შოუში“. შეტყობინების მიღების შემდგომ, განმცხადებელმა დაიწყო ტირილი და „ფეისბუქზე“ მოპასუხე დაბლოკა. განმცხადებლის მითითებით, მისი მეგობარი დაუკავშირდა გ. კ.-ს და უთხრა, რომ გოგონას აწყენინა, ტირის და აღარ მიეწერა მისთვის.

ქალს კოლეგამ ტელეფონის ნომერი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. კოლეგამ უარის პასუხად, მიწერა: „როცა გწერ ვერ მწერ დროულად, იმიტომ რომ გირეკავენ ტელზე, და მერე უკვე მე დაგირეკავ და არ მომიწევს დიდიხანი ლოდინი“...„შენს ნომერს აქეთ მოგწერ რომ მოვინდომო რამოდენიმე წუთში“.

განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 15 თებერვალს, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ერთ-ერთ თანამშრომელთან მის შესახებ გ. კ.-მა თქვა, რომ განმცხადებელი არის „ორღობის ბოზი“; ასევე, სისხლი დაიღვრებოდა, თუ ვინმე მას დაიცავდა."

"ევოლუშენ ჯორჯია" არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მის სივრცეში მოხდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, სახალხო დამცველი კი არ იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების დასადგენად და მიიჩნევს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG