Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვა დასკვნით ფაზაშია


აშშ-ის სენატი „ფინიშის სწორზე“ იმყოფება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებისთვის შეთანხმების მისაღწევად, რაც უკრაინის მიმართ მის აგრესიულ მოქმედებებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ კვირას განაცხადეს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა და ამ კომიტეტში წამყვანმა რესპუბლიკელმა ჯეიმს რიშმა.

ამასთან, როგორც მენენდესმა თქვა, ზოგიერთი სანქცია შესაძლოა შემოღებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში, რის თაობაზეც შიშს გამოთქვამენ კიევი და დასავლეთი.

სენატორთა თქმით, კანონპროექტზე შეთანხმება უკვე მომავალ კვირაში შეიძლება იქნეს მიღწეული. დარჩა რამდენიმე უთანხმოება, მათ შორის სანქციების პაკეტში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეყვანის თაობაზე. მაგრამ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა იმედი გამოთქვეს, რომ მოახერხებენ ყველა საკითხზე შეთანხმებას.

მენენდესის სიტყვებით, თუკი გათვალისწინებული კანონპროექტი ძალაში შევა, ის „უკიდურესად მტკივნეული“ იქნება რუსეთისთვის და „გაანადგურებს“ მის ეკონომიკას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ლაპარაკია ზომებზე რუსეთის უმსხვილესი ბანკებისა და რუსეთის სუვერენული ვალის თაობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტო კონტროლის შემოღებას (ფაქტობრივად ემბარგოს რუსეთში გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტზე) და პერსონალურ სანქციებს ფიზიკური პირების მიმართ. სანქციების სიაში შეიძლება მოყვეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG