უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია პირთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მასობრივ არეულობებს გეგმავდა. უკრაინის პოლიციის თანახმად, დეტალები ცნობილი გახდება შინაგან საქმეთა მინისტრის და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ბრიფინგზე, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
იანვრის შუა რიცხვებში, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, მოლდოვის მოქალაქე, რომელიც ტერაქტებს გეგმავდა ქალაქ ოდესაში.
უკრაინის გარშემო ვითარება დაძაბულია გასული წლის მეორე ნახევრიდან. რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. კრემლის უმთავრესი მოთხოვნაა შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაძლიერება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეეცდება ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებით და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებით.
დაწერეთ კომენტარი