Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის ცენტრში რუსულ-აფხაზური "ანტიტერორისტული სწავლება" ჩაატარეს


რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს, უშიშროების სამსახურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად, სოხუმის ცენტრში ჩაატარა „ანტიტერორისტული სწავლება“.

ადგილობრივი სააგენტოს, „აფსნიპრეს“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწავლება, რომელშიც 500-მდე პირი მონაწილეობდა, 30 იანვარს გაიმართა სოხუმის "თავისუფლების მოედანზე", 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დამწვარ, აფხაზეთის ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობასთან.

სააგენტოს მოჰყავს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის, რობერტ კიუტის განცხადება, რომ „აფხაზეთის ისტორიაში პირველად ტარდება მასშტაბური, აფხაზურ-რუსული ანტიტერორისტული სწავლებები, რომელიც ორგანიზებულია პირველ ყოვლისა, საგარეო საფრთხეების პრევენციისთვის და ასევე, ტერორისტული ხასიათის შიდა გამოვლინებებისთვის“.

კიუტის ინფორმაციით, სოხუმის ცენტრში ჩატარებული სწავლების სცენარის მიხედვით, მოხდა სამთავრობო შენობაში ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება ავიაციის და ჯავშანტექნიკის გამოყენებით. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, იმის გამო, რომ მსგავსი სწავლება პირველად ჩატარდა, ადგილობრივ ქვედანაყოფებს უწერს „მყარ ოთხიანს“. რობერტ კიუტის თანახმად, რუსებთან ერთად მსგავსი სწავლებები ჩატარდება არა მხოლოდ დასახლებულ პუნქტებში, არამედ ზღვაზე და მთებშიც. ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული სწავლებები“ 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG